საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მომზადების მსურველთა მე-12 ნაკადს მასპინძლობს. 2013 წლიდან მოყოლებული, ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში მიღებული ცოდნის დახმარებით, ადვოკატის პროფესიაში ასობით იურისტი შემოვიდა.
მოსამზადებელი კურსების საშემოდგომო სესია ასოციაციის თავმჯდომარემ გახსნა და კურსის მონაწილეებს წარმატება უსურვა როგორც სასწავლო პროცესში, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდებში.
„ჩვენი ხედვით, ეს კურსები არ არის მხოლოდ კონკრეტული გამოცდის ჩასაბარებლად მზადება და გვაქვს დამატებითი, ჯანსაღი ამბიცია, რომ ცენტრის კურსდამთავრებულები აღვჭურვოთ ცოდნით, რომელიც მათ შემდგომ პროფესიულ საქმიანობაშიც გამოადგებათ.“ - განაცხადა დავით ასათიანმა.
სასწავლო ცენტრის დირექტორმა - ქეთევან თურაზაშვილმა კი აღნიშნა: „ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი უკვე 5 წელია, რაც მომავალ ადვოკატებს კვალიფიციურ განათლებას აძლევს. წლიდან წლამდე იხვეწება საგამოცდო ტესტები და შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ ადვოკატებს ხარისხიანად მომზადების საშუალება მივცეთ. ამისათვის კი ვთავაზობთ გამართულ სასწავლო პროცესსა და უმაღლესი რანგის პროფესიონალ ლექტორებს.